თბილისი, 26 მარტი – Sputnik. თბილისის გრანდ სლემის ბოლო, დასკვნით დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა საქართველოს სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოუტანეს და გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო დღეს ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი გადავიდა.
ქართული ფინალი გაიმართა 90 კგ წონით კატეგორიაში. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ევროპის პირველობის მოქმედ გამარჯვებულს ლუკა მაისურაძეს სძლია. შესაბამისად, ლუკა მაისურაძეს ვერცხლის მედალი ერგო. ბექაურისთვის თბილისის გრანდ სლემზე გამარჯვება კარიერაში პირველია.
მეორე ოქრო საქართველოს ილია სულამანიძემ მოუტანა. 100კგ წონით კატეგორიაში ფინალში სულამანიძემ მონღოლეთის წარმომადგენელს, გონჩიგსურენ ბატჰუიაგს ვაზარით სძლია.
მესამე ოქრო კი მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა მოიგო. თბილისის გრანდ სლემზე ეს მისთვის ზედიზედ მესამე ოქროა. ქართველმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა.
ამგვარად, ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის გრანდ სლემზე სულ ექვსი მედალი მიიღეს: სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. კიდევ ერთი ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.
ტურნირში, რომელიც თბილისში 24–26 მარტს მიმდინარეობდა, 61 ქვეყნის 419 სპორტსმენი მონაწილეობდა.