სალომე ზურაბიშვილი: პრემიერთან კომუნიკაცია არ მაქვს

ღონისძიებებზე ზრდილობიანად მხვდება, მაგრამ საკითხების განსახილველად და პასუხების გასაცემად სხვა ტიპის ურთიერთობებია საჭირო, განაცხადა პრეზიდენტმა
Sputnik
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას ნორმალური ურთიერთობა აქვს მთავრობის ყველა წევრთან, ერთის გარდა - ეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.
„ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრისა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეარხ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.
მასთან მან აღნიშნა, რომ ღარიბაშვილთან შეხვედრა სურს.
„არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება ინსტიტუციებს შორის. დემოკრატია არის ერთი მხრივ ხალხის, ამომრჩევლის ნება, მეორე მხრივ კი ინსტიტუტების პატივისცემა და მათ შორის რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობები, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტსა და პრემიერს ბევრი რამ აქვთ განსახილველი.
„ღონისძიებებზე კი, როგორ არა ზრდილობიანად [მხვდება], მაგრამ საჭირო არის სხვა ტიპის ურთიერთობა, რომ საკითხები იყოს განხილული, რომ პასუხები იყოს კითხვებზე. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ არგუმენტების გაცვლა მოხდეს, რატომ არის ესა თუ ის გადაწყვეტილება მიღებული და რა არის პრეზიდენტის არგუმენტები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტს ბერკეტები შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ საჭირო იყოს მისი არგუმენტების მოსმენა, აღნიშნა მან.
„სრულიად მიუღებელია" - პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება გააკრიტიკა >>
მისი თქმით, მას ასევე სურს შეხვედრა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან, რათა იცოდეს მისი პოზიცია ქართულ პოლიტიკაში მისი შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
„ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღევანდელ დღეს, იმის შემდეგ, რაც ოფიციალურად გასულია ხელისუფლებიდან. გარეთაც ისმება ეს კითხვა და მე მგონი საზოგადოებაშიც არის ეს განცდა თუ კითხვა, სად არის მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი, პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა,
„კი ოლიგარქია, იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა აქვს... მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. პრობლემა არის ამ პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ის აგრძელებს ქვეყნის მართვას კულისებიდან.
ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ივანიშვილთან კონსულტაციებს აწარმოებენ გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ ამავე დროს კატეგორიულად უარყვეს მილიარდერის ქვეყნის მართვის პროცესში ჩარევა.