თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) „საქართველოს მეფეების სერიიდან“ გიორგი ბრწყინვალეს თემაზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს.
სებ-ის ინფორმაციით, ოქროს მონეტის ფასი 1.370 ლარი იქნება, ხოლო ვერცხლისა — 88 ლარი. მონეტების გაყიდვა 27 მარტიდან დაიწყება.
„მონეტებისთვის ესკიზები ღია კონკურსის წესით შეირჩა და ისინი შმაგი ბურდულმა მოამზადა. მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა. ოქროს მონეტის მოჭრის რაოდენობა 1.200 ცალია, ვერცხლის მონეტისა — 6.500 ცალი“, — აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
თავდაპირველად მსურველები მონეტების შეძენას ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმში შეძლებენ, 3 აპრილიდან კი — ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.
10 აპრილიდან მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში დაიწყება როგორც ეროვნული ბანკის ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით, ისე საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.