რატი ბრეგაძე: სააკაშვილს ერთი ხელის მოსმით ციხეში ვერ დავაბრუნებთ

კლინიკა „ვივამედმა“ მიმართა ხელისუფლებას, რათა განიხილონ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის მიზანშეწონილობა.
Sputnik
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ ციხეში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი სწრაფად ვერ გადაწყდება, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
კლინიკა „ვივამედმა“, რომელშიც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან იმყოფება, მიმართა პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო სამსახურს, რათა განიხილონ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის მიზანშეწონილობა მისი მხრიდან მკურნალობაზე უარის თქმის გამო. ექს-პრეზიდენტს არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ.

„ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ის მკურნალობას არ ემორჩილება და „ვივამედის“ ეს განცხადებაც იყო კიდევ ერთი გამეორება მთელი ამ ისტორიისა... რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ არის ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი“, – განაცხადა ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედში“.

ხელისუფლება აპირებს ამ საკითხის კომპლექსურ შესწავლას, ექსპერტების რჩევების გათვალისწინებით, განაცხადა მინისტრმა. საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში ასე სწრაფად ვერ გადაწყდება, აღნიშნა მან.
ამასთან, მინისტრმა სააკაშვილის მიერ მკურნალობაზე უარის თქმას უწოდა „კარგად დაგეგმილი“ და მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს, ხოლო იძულებითი მკურნალობის საშუალებას კლინიკის პერსონალს სამედიცინო ეთიკა არ აძლევს. ხოლო სააკაშვილის კლინიკაში ყოფნა დარტყმის ქვეშ უკვე თავად კლინიკას აყენებს.
დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი ციხის საკანში >>
კლინიკის ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილის სტაბილურად მძიმე მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ ის არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, რომლებიც საკვების კალორიულობას ეხება.
იუსტიციის სამინისტრომ და კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მის მიერ ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე და სრულფასოვან კვებაზე უარის გამო.
ოჯახი კი არასწორ დიაგნოზსა და მკურნალობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი სასწრაფოდ უცხოეთშია გადასაყვანი სამკურნალოდ.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
სააკაშვილის ევროპელმა მეგობრებმა ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ - პაპუაშვილი>>
2 მარტს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
„ვივამედის“ კლინიკა სააკაშვილის მკურნალობაზე უარს აცხადებს>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.