თბილისი, 24 მარტი – Sputnik. დღეს პლანეტა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას და ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ დღეს არის ურთულესი ვითარება მთელ მსოფლიოში. ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე და ეს არ არის გადაჭარბებული საფრთხე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ბირთვული ომის რიტორიკა დღითი დღე მატულობს.
„ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, უკრაინის ომს პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოზე, მთლიანად რეგიონზე, ევროპაზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მთელი მსოფლიოს წესრიგზე, რომელიც ჩამოყალიბებული იყო მეორე მსოფლიო ომის და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიიწვიეს. ინიციატორები არიან ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებსაც აინტერესებთ, რას აკეთებს ხელისუფლება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.