მადლობა მხარდაჭერისთვის: ირაკლი ღარიბაშვილი ანალენა ბერბოკს შეხვდა

ღარიბაშვილმა და ბერბოკმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
Sputnik
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა შეხვედრა გამართეს, იუწყება საქართველოს მთავრობა.
არსებული ცნობით, შეხვედრის დროს ღარიბაშვილმა ბერბოკს მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში გერმანიამ არაერთხელ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი.
„საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, და კვლავაც გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ანალენა ბერბოკი მანამდე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.