სამართალდამცველებმა თბილისში ყალბი ოცლარიანები გამოავლინეს

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა 185 ცალი ყალბი 20-ლარიანი კუპიურა გაასაღა.
Sputnik
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში სისტემატურად ასაღებდა 20 ლარის ნომინალის ყალბ კუპიურებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაახლოებით 50-მდე შემთხვევაში გაასაღა ჯამში 3,7 ათასი ლარის ოდენობის 185 ცალი ყალბი 20-ლარიანი კუპიურა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
უწყების ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
წყარო - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური