თბილისი, 23 მარტი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად „მზიურის“ პარკში ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პარკი „მზიური“
© Tbilisi City Hall
„მზიურის“ პარკი – თბილისელებისა და სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ორი წლის წინ განახლდა. მაგრამ მერიამ სრულად ვერ ჩაატარა აღდგენითი სამუშაოები, რადგან ტერიტორიის ნაწილი, დაახლოებით 2 ჰექტარი მიწა კერძო საკუთრებაში იყო. 2022 წლის ბოლოს მიწა ქალაქის ხელისუფლებას დაუბრუნდა.
„მთლიანობაში ორ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი პარკი ეწყობა, რომელიც „მზიურის“ გაგრძელება იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
მთავარ, დიდ მდელოზე, რომელიც დაზიანებული იყო, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს – მთლიანად გამოიცვლება სადრენაჟე სისტემა და მწვანე საფარი, დაემატება ხე-მცენარეები. ასევე მთლიანად განახლდება სპორტული სივრცე და დამონტაჟდება განათების სისტემა.
პარკში მოეწყობა საპიკნიკე არეალი და ძაღლების სასეირნო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, ბავშვთა მოედნები და დასასვენებელი პავილიონი.
„მზიური“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი ტერიტორიის გაფართოება კი ყველა თაობის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან, ასევე ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან ერთად.
საქართველოს დედაქალაქში რეკრეაციული და გამწვანებული სივრცეების მოწყობა ქალაქის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც სისტემატურად მუშაობს ამ მიმართულებით.