როგორ იცავს საქართველო საერთაშორისო სანქციებს - ლაშა ხუციშვილის პასუხი

ბოლო წელიწადში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
Sputnik
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოში მიღებულია 1.020 საბაჟო გადაწყვეტილება საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სანქციებს დაქვემდებარებული საქონლის უკან გაბრუნების თაობაზე, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში გამოსვლისას.
საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დააწესა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.

„გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილებაა მიღებული", – განაცხადა ხუციშვილმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, საქონელი ძირითადად საყოფაცხოვრებო დანიშნულებისაა.
მისი თქმით, ქვეყნის საბაჟო სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის არცერთი შემთხვევა.
ხუციშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, ასევე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ.
მორიგი დეზინფორმაცია - ფინანსთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია სანქციების დარღვევის შესახებ>>
საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს, აღნიშნა ხუციშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები.
როგორც ხუციშვილმა განაცხადა, სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე მოლაპარაკებები შედგა სტრატეგიულ პარტნიორებთან.
მინისტრი: ქვეყანა მკაცრად აკონტროლებს თავის ტერიტორიაზე სანქცირებული ტვირთის გადაადგილებას>>
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე დაშვება და ამჟამად საბაჟო დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი.
გარდა ამისა, მინისტრმა განმარტა, რომ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის ესაჭიროება სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცემა თავდაცვის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ. ასეთი ნებართვების გაცემა უკრაინის მოვლენების დაწყებისთანავე შეჩერდა.