თბილისი, 23 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთბაშად სამი დეპუტატი ტოვებს საკანონმდებლო ორგანოს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დეპუტატები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლები იქნებიან, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გახდება.
ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
„ჩვენი სამი კოლეგა ღირსეული პიროვნებები არიან, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნისა და გუნდის სამსახურში ყოფნასა და მუშაობას“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, რადგან სამივე დეპუტატი პარლამენტში პარტიული სიით არის მოხვედრილი, საკანონმდებლო ორგანოში მათ სიით მომდევნო პარტიელები ჩაანაცვლებენ.
ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დეპუტატი „ქართული ოცნებიდან" მმართველი გუნდის დატოვებას აპირებს. საუბარი იყო ირაკლი კოვზანაძეზე, გიორგი ხელაშვილზე, დავით სერგეენკოზე და ვლადიმერ ჩაჩიბაიაზე.
ჩაჩიბაიამ და კოვზანაძემ პარლამენტის დატოვება უკვე ოფიციალურად დაადასტურეს.
მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ოპოზიციური მედიები ცდილობენ ილუზიის შექმნას, თითქოს „ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა.
ამავე დროს, პარლამენტში მალე გაიმართება კენჭისყრა დეპუტატ გიორგი ამილახვრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 მარტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშნა. მის ადგილს საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების" საარჩევნო სიიდან მომდევნო კანდიდატი დაიკავებს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, უმრავლესობა დაშლილად მიიჩნევა, თუ საკანონმდებლო ორგანოს წევრთა რაოდენობა საპარლამენტო ორგანოში 76 დეპუტატზე ნაკლებია.
ბოლოს უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე 2022 წლის ოქტომბერში აღმოჩნდა, როდესაც „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ჩამოაყალიბა. შედეგად ფრაქცია „ქართულ ოცნებას" 150-ადგილიან პარლამენტში 74 დეპუტატი დარჩა.
მიუხედავად პარტიიდან და ფრაქციიდან გასვლისა, „ხალხის ძალის" წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.