თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის" პალატიდან ციხის საკანში დააბრუნონ.
კლინიკა „ვივამედმა" მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სამსახურს თხოვნით, განიხილოს სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის მიზანშეწონილობა, რადგან ის მკურნალობაზე უარს აცხადებს.
სააკაშვილი „ვივამედში" 2022 წლის მაისიდან იმყოფება. მას მკურნალობენ კახექსიის გამო, რომელიც არასწორი კვების გამო განვითარდა. კლინიკის ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილის სტაბილურად მძიმე მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ ის არ იცავს ექიმების რეკომენდაციას საკვების კალორიულობასთან დაკავშირებით.
„მის ციხეში დაბრუნებას გეგმავენ. არ ვიცი რის საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანის ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა... ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყოველ წუთს შეიძლება გადაიყვანონ, რატომაც არა?! ხელს რა შეუშლის?" – განუცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, კლინიკის განცხადება სააკაშვილისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო.
„მან თქვა, რომ არანაირ პროცედურაზე უარს არ აცხადებს. თუ რამე მკურნალობის შემოთავაზებაა, ყველაფერზე თანხმდება... ერთი სიტყვით, დაცვის მხარემ არაფერი არ იცის მის გადაყვანასთან დაკავშირებით. მას მოლოდინი აქვს, რომ გადაიყვანენ. მისი თქმით, არაფერი არ არის ამათგან გამორიცხული", – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატი ასევე კლინიკის განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის რეაგირებას მოითხოვს.
„სახალხო დამცველმა პარლამენტიდან ვალდებულება აიღო, რომ პატიმრების უფლებებს დაიცავს... ამიტომ ომბუდსმენი მივიდეს და გაარკვიოს, რა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით. ეს მისი უფლება და ვალდებულებაა", – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს, ხოლო იძულებითი მკურნალობის საშუალებას კლინიკის პერსონალს სამედიცინო ეთიკა არ იძლევს. ხოლო სააკაშვილის კლინიკაში ყოფნა დარტყმას აყენებს თავად კლინიკას.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
ეს გადაწყვეტილება 2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.