„ვივამედის“ კლინიკა სააკაშვილის მკურნალობაზე უარს აცხადებს

მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის მაისიდან გადის მკურნალობას, ამასთან, როგორც ამას სამედიცინო დაწესებულებაში ამტკიცებენ, ის ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე უარს აცხადებს
Sputnik
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. კლინიკა „ვივამედმა“ გადაწყვიტა მიმართოს პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო სამსახურს, რათა განიხილონ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის მიზანშეწონილობა მკურნალობაზე უარის თქმის გამო.
სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის მაისიდან იმყოფება. ექს-პრეზიდენტს არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ. კლინიკის ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილის სტაბილურად მძიმე მდგომარეობა გამოწვეული იყო იმით, რომ ის არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, რომლებიც საკვების კალორიულობას ეხება.
„იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში“, – აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.
კლინიკაში აღნიშნავენ, რომ პაციენტს შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული.
„პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, კლინიკაში აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს, ხოლო იძულებითი მკურნალობის საშუალებას კლინიკის პერსონალს სამედიცინო ეთიკა არ იძლევს.
„გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის პრეპარატი ან პროცედურა დადებითად აისახება მის სუბიექტურ ან ობიექტურ მონაცემებზე. შესაბამისად, ბოლო თვის მანძილზე პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმი სააკაშვილის მდგომარეობას მომავალშიც დააკვირდება >>
ამასთან კლინიკაში აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნა დარტყმის ქვეშ უივე თავად კლინიკას აყენებს.
„სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას (მაგალითად: არ ვმკურნალობთ, ვერ ვმკურნალობთ და ა.შ.), რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია“, - აცხადებენ კლინიკაში.
ამასთან ერთად, მმართველ პარტიაში სააკაშვილის მდგომარეობას სკეპტიკურად უყურებენ.
„როგორც ჩანს, იწყება თვითგვემის ახალი ციკლი. პატიმარ სააკაშვილი უნდა, რომ სწორედ პოლონელ ექიმებს დაანახოს, რომ ის არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. იმიტომ, რომ ის არის ვითომდა მოწამლული, არადა ის შიმშილობს, არ იღებს საკვებს, ან იღებს ნაკლებად კალორიულ საკვებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა.
პოლონელი ექიმების ჩამოსვლა სააკაშვილების ოჯახმა ორი კვირის წინ დააანონსა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ექიმებს ექს-პრეზიდენტთან იმ შემთხვევაში დაუშვებენ, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს დააკმაყოფილებენ.
რა პირობით დაუშვებს იუსტიციის სამინისტრო პოლონელ ექიმებს სააკაშვილთან: უწყების განცხადება >>
მმართველი პარტიის სხვა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სააკაშვილის მხარდამჭერები მისი ჯანმრთელობის თემის პოლიტიზებაში დაადანაშაულა.
„მისი ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება ხელს უშლის ექიმებს და ჯანდაცვის სამსახურებს, რომ უზრუნველყონ ჯანმრთელობის სრულფასოვანი დაცვა ისე, როგორც ეს მათ სურთ და მათ მიზნებშია. ვგულისხმობ ექიმებს და კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას, მის პოლიტიკურ თანაგუნდელებს და მეგობრებს, რომ ახლა არის დრო, როდესაც ყველამ მთელი ყურადღება და ძალისხმევა უნდა დახარჯოს იმაზე, რომ სააკაშვილმა აღადგინოს სრულფასოვანი კვება, სრულფასოვნად ითანამშრომლოს ექიმებთან მკურნალობის პროცესში“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი გარემოცვა ცდილობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზებას, პოლიტიკური სკანდალით ხელისუფლებაზე ზეწოლას, რათა მათ გამონაკლისის სახით მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სცილდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
2 მარტს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.