თბილისში დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისების ფაქტზე და-ძმა დააკავეს

დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, თავის ძმასთან ერთად დაგეგმა სამსახურებრივი თანხის მითვისება და თავდასხმის ინსცენირებით უკანონოდ დაეუფლა 150 ათას ლარს.
სამართალდამცველებმა ორივე პირი „ცხელ კვალზე“ დააკავეს. უკანონოდ მითვისებული თანხა კი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს.