თბილისი, 22 მარტი – Sputnik. თბილისში, მუხიანის ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ლიფტში აღმოჩენილი 64 წლის მამაკაცის გარდაცვალების გარემოებებს ექსპერტები დაადგენენ, იუწყება „TV პირველი“.
22 მარტს, დილის საათებში საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, 64 წლის მამაკაცს 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი ის ლიფტში შეიყვანეს და ცეცხლის წაკიდება სცადეს.
პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, პოლიცია მკვლელობის იარაღსა და სხვა მტკიცებულებებს ეძებს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ, რომლებიც ყველა მეზობელ მამაკაცს ამოწმებენ.
იმავდროულად, ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ნარკოტიკებით ვაჭრობას უკავშირდებოდეს, მკვლელი კი ადგილობრივი მკვიდრი იყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს „განზრახ მკვლელობის“ მუხლით იძიებს, მედიისთვის სხვა კომენტარი უწყებას არ გაუკეთებია.