საქართველომ ექსპორტიორ ქვეყანაში 130-მდე ტონა კარტოფილი დააბრუნა

პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა, განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგიდან“ საქართველოში რუსეთიდან შემოსული 129 ტონა კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, კარტოფილი საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ შემოწმდა.

„პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, პროდუქტი ექსპორტიორ ქვეყანაში მიაბრუნეს.
გარდა ამისა, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ფარგლებში საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ გამოვლინდა ისეთი ცოცხალი მცენარეების შემოტანის ფაქტიც, რომელთა იმპორტიც საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ქვეყნიდან არის აკრძალული.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული მცენარეები დაექვემდებარა განადგურებას.
წყარო - შემოსავლების სამსახური