რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება

რეაბილიტაციის შემდეგ რუსთაველი–მთაწმინდის საბაგირო სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, საბაგირო ერთი მიმართულებით გზას ოთხ წუთში დაფარავს, ერთ საათში კი დაახლოებით 1,1 ათას მგზავრს მოემსახურება.

„ვფიქრობ, ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, როდესაც აღნიშნული პროექტი დასრულდება. რაც შეეხება მთაწმინდის ფერდს, მიმდინარეობს ახალი სადგურის მშენებლობის სამუშაოები. მთაწმინდის პარკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ჩამოსვლა და პირიქით შესაძლებელი იქნება ოთხი წუთის განმავლობაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მერიის ინფორმაციით, 21-გონდოლიანი საბაგიროს მარშრუტის სიგრძე 845,55 მეტრი იქნება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ საბაგირო სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში დაიწყო.
მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური მეტროს სადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობს. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და მან 1990 წლის ზაფხულში მომხდარ კატასტროფამდე იმუშავა. მაშინ ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.
ამჟამად თბილისში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, მეორე – ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას, ხოლო მესამე – ბაგებსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს.