თბილისი, 22 მარტი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, დსთ-ის ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს რუსულ მედიაზე დაყრდნობით.
ოთხშაბათს მოსკოვში იმართება ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი და საქართველო: რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“.
„მე ვესაუბრე უმაღლესი დონის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელსაც ჩვენ შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ესაა რუსეთში ავიამიმოსვლა და ვიზების გაუქმება რუსეთში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ", – თქვა დეპუტატმა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა. 2012 წლის დასაწყისში კი საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთმა გააუქმა. ამის საფუძველი 2019 წლის ივლისში თბილისში მომხდარი მოვლენები იქცა. მაშინ დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას სახალხო მღელვარება მოჰყვა ანტირუსული ლოზუნგებით.