ხელისუფლებამ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე უნდა იზრუნოს - ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობა თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნაზე ზრუნავს, აღნიშნა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ვალდებულია იზრუნოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე და მათთვის განსაკუთრებული პირობები შექმნას, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაში, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა მსოფლიო დღეს ეძღვნება.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე (World Down Syndrome Day) 21 მარტს აღინიშნება. ღარიბაშვილის თქმით, ამ დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პატივს სცემს თითოეული ადამიანის უფლებას, იცხოვროს და განვითარდეს თანასწორ და ღირსეულ გარემოში.

„საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომ შექმნას განსაკუთრებული პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. საქართველოს მთავრობა ზრუნავს თანასწორი გარემოს შესაქმნელად, სადაც საზოგადოების თითოეული წევრი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას", – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ზრუნვა დაუნის სინდრომის მქონე პირებზე, მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
„მთავრობა ყოველთვის მხარს დაუჭერს, წაახალისებს და თავად ჩაუდგება სათავეში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისკენ მიმართულ ინიციატივებს", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამ დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. მისი თქმით, ამ დღის გზავნილი 2023 წელს არის „ჩვენთან ერთად და არა – ჩვენთვის", რაც გულისხმობს თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ადამიანს თავისი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ექნება.
„სწორედ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ჯანსაღი და კომფორტული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა წარმოადგენს ჩვენი გუნდის უმთავრეს პრიორიტეტს და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას", – განაცხადა ამილახვარმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება თავისუფალი, თანასწორი და მშვიდობიანი გარემოს შექმნა, სადაც ყველას ექნება საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის შესაძლებლობა.
21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე აღინიშნება>>
2011 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური ასამბლეა გამოვიდა წინადადებით, რომ 2012 წლიდან ეს დღე აღნიშნოს ყველა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, რათა ამაღლდეს საზოგადოების ინფორმირების დონე დაუნის სინდრომის შესახებ.
ამ მოვლენის აღსანიშნავად დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ — ეს თარიღი სიმბოლურად ასახავს პათოლოგიის აღმოცენების ბუნებას. 21 მარტი იმიტომ შეირჩა, რომ დაუნის სინდრომი წარმოადგენს ტრისომიას (მარტი წლის მესამე თვეა) და სინდრომის შემთხვევაში ტრისომია ეხება 21-ე წყვილ ქრომოსომას (21 რიცხვი).
დაუნის სინდრომი პირველად 1866 წელს ბრიტანელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა. თითქმის 100 წლის შემდეგ, 1959 წელს ფრანგმა მეცნიერმა ჟერომ ლეჟენმა ამ სინდრომის გენეტიკური წარმომავლობა დაასაბუთა.
დაუნის სინდრომი დაავადებაა, რომელიც გენეტიკური ანომალიის შედეგად წარმოიშობა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში დამატებითი ქრომოსომა ჩნდება. შედეგად ქრომოსომების საერთო რაოდენობა 47 ხდება, როდესაც ნორმა 46-ია.
დაუნის სინდრომის შედარებით იშვიათი ფორმებია მოზაიკური (როდესაც უჯრედების ნაწილს ქრომოსომების პათოლოგიური ნაკრები აქვს და ნაწილს — ნორმალური) და ტრანსლოკაციური (განპირობებულია უფრო რთული ქრომოსომული დარღვევებით) ფორმები.
გაეროს მონაცემებით, დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელი ქრომოსომული დარღვევა ყოველ 1000-1100 ბავშვში ერთ შემთხვევაში გვხვდება.
ხშირად დაუნის სინდრომის ბავშვები ანალიტიკურ აზროვნებაში ჩამორჩებიან, სხვა სფეროებში უფრო ნელა ვითარდებიან, ვიდრე მათი თანატოლები, მაგრამ განვითარების ნორმალურ დონეს აღწევენ, თუმცა მოგვიანებით.
ბევრ მათგანს შეუძლია პროფესიის ათვისება და საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა. დაუნის სინდრომიან ადამიანს შეუძლია უმაღლესი განათლების მიღება, სამუშაოს მოძებნა და დაოჯახება.