უცხოური ინვესტიციების მოცულობა აჭარაში 2022 წელს მესამედით გაიზარდა

ბიზნეს-საქმიანობის დადებითი დინამიკა განპირობებულია საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სამშვიდობო პოლიტიკით, განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.
Sputnik
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წელთან შედარებით 37%-ით გაიზარდა და 116,5 მილიონი დოლარი შეადგინა, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის სხდომაზე რიჟვაძე რეგიონში მზარდი ეკონომიკური ტენდენციების საკითხს შეეხო.

„ბიზნეს-საქმიანობის ეს დადებითი ტენდენცია განპირობებულია იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება. შესაბამისად, ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურ ბიზნეს-გარემოს. ეს არის განმაპირობებელი იმ ნდობის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

2022 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ბიზნეს-სექტორის ბრუნვა გაზრდილია 20%-ით, პროდუქციის გამოშვება – 16%-ით, ხოლო დასაქმება – 8%-ით
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 61,1%-ით გაიზარდა. ინვესტიციების ზრდის ძირითად მიზეზად სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების ზრდა დასახელდა.
დავითაშვილი: საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია >>
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა.
უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერი პოზიციები ეკავათ ესპანეთს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, ჩინეთს, ნიდერლანდს და აშშ-ს.