კიბოს სკრინინგის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში თბილისში კონცერტი გაიმართება

კონცერტზე ცნობილი არტისტები შეასრულებენ პოპულარულ ნაწარმოებებს და ამავე დროს მოუწოდებენ საზოგადოებას, ჩაიტარონ კიბოს დაავადებების სკრინინგი.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 20 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება კონცერტი კიბოს სკრინინგის კამპანიის მხარდასაჭერად, რომელშიც ცნობილი ქართველი არტისტები მიიღებენ მონაწილეობას.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე, ნინო სურგულაძე, ეკა მამალაძე, ნიკა ნიკვაშვილი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ანსამბლი „შვიდკაცა" და სხვ.
რა სახის დახმარების მიღება შეუძლიათ ონკოპაციენტებს თბილისში>>
„საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული სკრინინგ–ცენტრის ინიციატივითა და „ქართული მუსიკის ცენტრის" მხარდაჭერით, ქართველი მუსიკოსებისა და შემსრულებლების მონაწილეობით დაიგეგმა საინფორმაციო კამპანია „გადაარჩინე სიცოცხლე, სკრინინგი სიცოცხლისთვის", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.