დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის ემზადებიან

საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მავნებელს აქტიურად ებრძვიან.
Sputnik
თბილისი, 19 მარტი - Sputnik. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის სპეცტექნიკა დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული, ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
უწყების ცნობით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველ ეტაპზე მონიტორინგი საკარმიდამო ნაკვეთებში მიმდინარეობს. იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდება, წერტილოვანი წამლობისთვის, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები განთავსდება.
მონიტორინგის საბოლოო შედეგების საფუძველზე კი დაიგეგმება წამლობები თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდებით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალისტებმა უკვე შეამოწმეს წამლობისთვის საჭირო განახლებული ავტოპარკი და სპეცტექნიკის გამართულობა.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.