თბილისი, 18 მარტი — Sputnik. 2022 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებული თანამშრომლების საშუალო ნომინალურმა თვიურმა ხელფასმა 1773,7 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,2%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ბიზნეს სექტორში 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბრის საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1911,1 ლარი შეადგინა, რაც 19,6%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,8%-ით გაიზარდა და 1523 ლარს გაუტოლდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი თბილისში ფიქსირდება, სადაც მან 2022 წლის მეოთხე კვარტალში 2066,3 ლარი შეადგინა, ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (910,5 ლარი).
ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქმიანობის ტიპის მიხედვით:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 672,6 ლარი (წლიური ზრდა 61,8%).
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 726,7 ლარი (+12,1%).
მშენებლობა – 2 535,8 ლარი (+14,8%).
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა – 2 455,1 ლარი (+15,1%).
ამასთან, ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. 2022 წლის მეოთხე კვარტალში მამაკაცების საშუალო ნომინალური ხელფასი 2123,2 ლარი იყო, ხოლო ქალების - 1411,7 ლარი.