ციხე გამოცდის გამარტივების ნაცვლად: ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბრალდებულმა მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამი შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს გადასცა
Sputnik
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარებაში დახმარებისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს ბრალდებულმა ქუთაისში მდებარე შსს-ს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს ქრთამის სახით თანხა გადასცა.
სააგენტოს თანამშრომელმა ქრთამის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. პირი, რომელმაც მას ქრთამი გადასცა, იმავე დღეს დააკავეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 3 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
წყარო - გენერალური პროკურატურა