„ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლა: სასამართლო ბოლო 5 წლის მონაცემებს აქვეყნებს

სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში 50 ადამიანი დამნაშავედ ცნო და 13 გაამართლა.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 13 პირი გაამართლა, ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის პასუხში დეპუტატის შეკითხვაზე.
2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში სასამართლოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის დამნაშავედ 50 ადამიანი ცნო და 13 გაამართლა.
საქართველოს კანონმდებლობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო „კანონიერ ქურდებს“ 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ჯარიმით ან უჯარიმოდ.
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.
„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.
ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.