ლონდონში პირველი ქართული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა

ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ წამყვანი ქართული კომპანიების განვითარების სტრატეგიულ გეგმებს
Sputnik
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ლონდონში წამყვანი ბრიტანული და ქართული კომპანიების მონაწილეობით პირველი „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი" გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ორგანიზატორია ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია Strategy Council, მხარდამჭერები - დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და „აწარმოე საქართველოში“.
უწყების ცნობით, „საქართველოს საინვესტიციო ფორუმში“ ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში მოღვაწე წამყვანი ქართული, ბრიტანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ემსახურებოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას პოტენციური ინვესტორებისთვის, საინვესტიციო ბანკირებისა და დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორისთვის.
ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს წამყვანი კომპანიების სტრატეგიული განვითარების გეგმებს, საერთაშორისო ინვესტორების გამოცდილებასა და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, უძრავი ქონება, ტურიზმი და სხვა.
დიდი ბრიტანეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 428,3 მილიონი დოლარი შეადგინა. 2021 წელს მან შეადგინა 603,6 მილიონი აშშ დოლარი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 10 წლის განმავლობაში.