ამბროლაურში ცოფის უკვე რამდენიმე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

ამბროლაურის მერია მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიქსირდება 3 ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ძაღლზე, ნათქვამია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა პირველად 15 მარტს დაფიქსირდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.
მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით დღეს, 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის „ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა.
დღეს ასევე არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია.
მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნომერზე 1501, ან მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოს (მის: ამბროლაური, ბრატისლავა-რაჩის ქუჩა #17).
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება.
ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.