თურქეთის ფინანსთა სამინისტრომ მიწისძვრის ზარალის ოდენობა შეაფასა

სამინისტროში აღნიშნეს, რომ 2023 წლის მიწისძვრებმა თურქეთს ექვსჯერ მეტი ზარალი მიაყენა, ვიდრე 1999 წელს.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. მიწისძვრების მატერიალურმა ზარალმა 2 ტრილიონი თურქული ლირა (105 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი) შეადგინა, იუწყება ტელეარხი TRT Haber თურქეთის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით.

„მიწისძვრების შედეგად ზარალი 2 ტრილიონ ლირას შეადგენს. ეს აჩვენებს, რომ დაახლოებით ექვსჯერ მეტი ზარალი და დანაკარგია, ვიდრე მარმარილოს ზღვის რაიონში 1999 წელს მომხდარი მიწისძვრისას. ეს რიცხვი 2023 წლის მოსალოდნელი ეროვნული შემოსავლის 9%-ს შეესაბამება“, – ნათქვამია განცხადებაში.

6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 49 ათასზე მეტი ადამიანი. თურქეთის ხელისუფლებამ მიწისძვრებს „საუკუნის კატასტროფა“ უწოდა.