თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოსა და კატარის მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას წყლის რესურსების, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და კონტროლის, ბიომრავალფეროვნების, ერთობლივი გარემოსდაცვითი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკების შერბილების მიმართულებით, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
დოკუმენტს დოჰაში შეხვედრისას ხელი მოაწერეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და კატარის სახელმწიფოს გარემოსა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა, შეიხმა ფალეჰ ბინ აჰმედ ბინ ალი ალ თანიმ.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების ფონზე გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე.
ოთარ შამუგიამ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ ხედვაზე და ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, წყლის რესურსების მართვის, დაცული ტერიტორიების გაფართოების, ნარჩენების მართვის და სხვა მიმართულებებით.
შამუგიამ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მემორანდუმი ერთობლივი პროექტების რეალიზაციას შეუწყობს ხელს.
„მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი კვლევების ჩატარება ხელს შეუწყობს ურთიერთობის განვითარებას არა მხოლოდ გარემოს დაცვის სფეროში, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაში“, – განაცხადა შამუგიამ.
კატარის მინისტრმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა კოლეგას კატარში ვიზიტის გამო და განაცხადა, რომ გარემოს დაცვის სფეროში უწყებებს შორის შემუშავებულ მემორანდუმს არსებული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადაჰყავს.
საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. 2012 წლის ნოემბერში კატარში გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო 2013 წლის აგვისტოში საქართველოში – კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა.