თბილისი, 17 მარტი — Sputnik. რუსეთი დაუსაბუთებლად მიიჩნევს აშშ-ის განცხადებებს იმის შესახებ, რომ მოსკოვის მიერ შეტევითი იარაღის შემცირების ხელშეკრულების (START) შეჩერება იურიდიულად არასწორია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა კომერსანტთან ინტერვიუში.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „ინსინუაციებზე“ იმის შესახებ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება START-ის შესახებ თითქოს არასწორი იყო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით.
„ასეთ „შემოგდებებს“ ვაშინგტონის ამჟამინდელი პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიის ელემენტად მივიჩნევთ, რომლის მიზანია აიძულოს რუსეთი, აღადგინოს START-ის რეჟიმი და შეუნარჩუნოს შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა, შეუფერხებლად „განჭვრიტოს“ ჩვენი სტრატეგიული არსენალი“, — თქვა რიაბკოვმა.
მისი თქმით, თუ ვაშინგტონში ამ ნაბიჯების ამაოება ჯერ კიდევ არ არის აშკარა ყველასთვის, მაშინ მოსკოვი მზადაა, კიდევ ერთხელ გაიმეოროს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მეთაურობით დასავლეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის პირობებში ასეთი ვარიანტი სრულიად გამორიცხულია.
როგორც რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, მოსკოვი, მიზეზთა გამო, მივიდა დასკვნამდე, რომ ვაშინგტონმა არსებითად დაარღვია START-ის ხელშეკრულება და ამიტომ რუსეთმა, ვენის 1969 წლის კონვენციასთან სრული შესაბამისობით, შეაჩერა შეთანხმების მოქმედება.
რიაბკოვის თქმით, თუ შეერთებული შტატები ნამდვილად არის დაინტერესებული START-ის განახლებითა და რუსეთთან თანამშრომლობით შეიარაღების კონტროლის სფეროში, „მაშინ, პირველ რიგში, უარი უნდა თქვან ცარიელ ფანტაზიებზე რუსეთისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების შესახებ და აღიარონ, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას ალტერნატივა არ აქვს“.