თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა არ შეცვლილა, უბრალოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში არ არიან, მათ ნაკლები რესურსი აქვთ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
„როდესაც „ნაცმოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, ისინი ხალხს კლავდნენ, აწამებდნენ. ჩვენ ყველას გვახსოვს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ განსხვავებული აზრისადმი... მათი ხელწერა დღესაც უცვლელია. მათი დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი – ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი", – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის უფლება ქვეყანაში დაცულია.
„შენ შეგიძლია გამოხვიდე, რაღაც ფორმით გარკვეული საკითხები გააპროტესტო, მაგრამ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა გააკეთო. თუ ვინმე გაბედავს და დააპირებს, რომ რაღაც დაპირისპირება, სისხლისღვრა, რევოლუცია მოაწყოს, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ერთ-ერთ თავის ბოლო ინტერვიუში მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პარტია აღდგენის გზაზეა, რადგან აქამდე პარტიის ლიდერები მრავალი წლის განმავლობაში არამცთუ აქციების მოწყობას, არამედ სპონტანურად დაწყებული აქციების განვითარებასაც კი არ ცდილობდნენ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და მერაბიშვილს იმედი აქვს, რომ რამდენიმე თვეში შეძლებს ქუჩაში რეალური პროტესტის ნახვას.
„ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც მერაბიშვილი უჭერს მხარს, მოსახლეობას 9 აპრილს რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდა.
„ქართული ოცნების" ლიდერები მერაბიშვილს 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის" დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
ბოლო დროს „ნაცმოძრაობის" რეიტინგი 5%-მდე შემცირდა. სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი 3%-ის ფარგლებში მერყეობს.