თბილისი, 17 მარტი – Sputnik. თბილისში მიმდინარე ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში ქართველი ბიზნესმენები მოლაპარაკებებს აწარმოებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების პოტენციურ ინვესტორებთან, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი მეწარმეები, რომლებიც პარტრნიორებთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, არაბი ბიზნესმენები ძირითადად დაინტერესებული არიან აგროსექტორის, ლოგისტიკის, რიტეილისა და სხვა სფეროებით.
„2003 წლიდან დღემდე საქართველოში 1,1 მილიარდი დოლარის ინვესტიციებია განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, მომავალში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება და მეტ ინვესტიციას ვიხილავთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფორუმის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიიღებს ინვესტიციებს საამიროებიდან უძრავი ქონების, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, წარმოების განვითარების სფეროებში.
თავის გამოსვლაში დავითაშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყნებს შორის წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სხვადასხვა სფეროში შემდგომ ზრდასა და მიმდინარე დინამიკის განვითარებაზე.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში დინამიკურად ვითარდება, განსაკუთრებით წარმატებული იყო 2022 წელი – 400 მილიონ დოლარზე მეტი სავაჭრო ბრუნვა. ვფიქრობ, 2023 წელი ბევრად უფრო ინტენსიური იქნება“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრობლობა ტურიზმის მიმართულებით.
დავითაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის წარმატებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ხელს უწყობს სტრატეგიულ შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მჭიდრო ურთიერთობების თვალსაზრისით.
„უკვე დადასტურებულია მიმდინარე წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ბიზნესს ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად“, – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
საქონელბრუნვამ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებს შორის 2022 წელს 314 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 108,8%-ით მეტია.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.