Agriteq-ზე ქართული პროდუქცია წარადგინეს

გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების უმეტესობა სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. კატარის დედაქალაქ დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა Agriteq 2023-ზე 14-მა ქართულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Agriteq – სპარსეთის ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კატარსა და, ზოგადად, სპარსეთის ყურის რეგიონში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.

„ბოლო წლებში სპარსეთის ყურის ქვეყნებში ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ინტერესი სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად მსგავსი ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს", – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რომელმაც ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად გამოფენის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს სტენდთან შამუგიამ კატარის მინისტრები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები მიიღო და ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, კატარის სახელმწიფოს სტენდები დაათვალიერა, ასევე ოფიციალურ პირებს შეხვდა.
„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ავამაღლოთ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე და გავხადოთ მოთხოვნადი, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის სტაბილურად მზარდი იყოს ექსპორტის მაჩვენებლები", – განაცხადა შამუგიამ.
ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი და სუბლიმირებული ხილი, თაფლი, ორგანული წვენები. პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების უმეტესობა სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.
წელს გამოფენაში მონაწილეობს 52 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 650-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.