თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შევიდა, იუწყება კომპანია TAV Georgia, რომელიც დედაქალაქისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ამსტერდამში ჩატარდა ღონისძიება Skytrax World Airport Awards 2023, სადაც საქართველოს ორი აეროპორტი, რომელთაც TAV Georgia მართავს, აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტებს შორის დასახელდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამ კატეგორიაში ზედიზედ მეათედ მოხვდა, ხოლო ბათუმის – მეორედ.
მგზავრთა გამოკითხვის შედეგებით, თბილისის აეროპორტთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შევიდნენ ბუდაპეშტის, ტალინის, რიგისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი, რომელიც ალექსანდრე ქართველის სახელს ატარებს, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში მოხვდა.
მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა TAV Georgia-ს გენერალური დირექტორი თეა ზაქარაძე, რომელმაც ღონისძიების ფარგლებში შეხვედრაც გამართა Skytrax-ის პრეზიდენტ ედუარდ პლაისტედთან.
Skytrax – გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს მრავალი წელია იკვლევს და აფასებს.
World Airport Awards-ის ექსპერტები მსოფლიოს 550 აეროპორტის 106 სხვადასხვა ეროვნების 13 მილიონზე მეტი მგზავრის შეფასებას ეყრდნობიან. მგზავრები აეროპორტების სერვისს აფასებენ.
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. ამ კომპანიასთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გაფორმებული. TAV-Georgia-ში 1,5 ათასი ადამიანია დასაქმებული.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.