თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება: საქართველოსა და საამიროებს შორის მოლაპარაკებები მთავრდება

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება საქართველოს მწარმოებლებს დამატებით გზას გაუხსნის არაბთა გაერთიანებული საამიროების 10-მილიონიანი ბაზრისკენ, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მესამე დასკვნითი რაუნდი 17 მარტს დასრულდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მოლაპარაკებები ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებს შორის თბილისში 16 მარტს დაიწყო, მათი დასრულების შემდეგ დადგინდება სავარაუდო თარიღი, თუ როდის მომზადდება ხელშეკრულების ტექსტი ხელმოწერისთვის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად.

„შეთანხმება დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრულ ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება საქართველოს მწარმოებლებს დამატებით გზას გაუხსნის არაბთა გაერთიანებული საამიროების 10-მილიონიანი ბაზრისკენ.
ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".
შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თბილისში 2022 წლის სექტემბერში, მეორე კი დუბაიში 2022 წლის დეკემბერში გაიმართა.
როდის დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და კორეას შორის >>
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.