თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველომ და სამხრეთ კორეამ შესაძლოა 2023 წლის ბოლომდე გამართონ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხზე, განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს საგარეო სავაჭრო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ გაბუნიამ.
ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ 2022 წლის ნოემბერში გააფორმეს. კვლევამ აჩვენა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე სამხრეთ კორეას.
„კორეასთან ჩვენ გავაკეთეთ მიზანშეწონილობის კვლევა და დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მათთან დავიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით მოლაპარაკებების განახლება ინდოეთთან, რაც 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
ამას გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს ისრაელთან. აგრეთვე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ასეთი შეთანხმების მიღწევაზე შეერთებულ შტატებთანაც.
„ექსპერტულ დონეზე გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე“, – განაცხადა მან.
ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის EFTA-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონკონგთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან.
სტატისტიკის მიხედვით, სამხრეთი კორეიდან ინვესტიციები საქართველოში პირველად 1997 წელს განხორციელდა. მას შემდეგ, 2021 წლის ჩათვლით, ინვესტიციამ 209,5 მილიონი დოლარი შეადგინა. 2016-2021 წლებში ინვესტიციების მოცულობამ 128,9 მილიონი დოლარი შეადგინა.