თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოში პორნოგრაფიული გამოცემებისა და გამოსახულებების უკანონო დამზადება, წარმოება, ვაჭრობა და რეკლამა 2023 წლის 1 მაისიდან სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჩათვალა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მუხლს აზრის გამოხატვის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლების შესახებ, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
თავისი გადაწყვეტილება სასამართლომ იმით ახსნა, რომ ტერმინის „პორნოგრაფიული ნაწარმოები" ბუნდოვანი განმარტების გამო უცნობია, რას გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი და რა მოქმედებაა აკრძალული ამის საფუძველზე და რა - ნებადართული.
სანამ კანონმდებლობა არ ჩამოაყალიბებს მკაფიო და გასაგებ განსაზღვრას პორნოგრაფიაში დანაშაულის შემადგენლობის შესახებ, სისხლის სამართლის 255-ე მუხლის პირველი ნაწილი არაკონსტიტუციურად მიიჩნევა.
დღეს მოქმედი მუხლი ასეთია: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით".
ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ამავე ვადით.
ამასთან, ძალაში რჩება პორნოგრაფიასთან დაკავშირებული სასჯელი, თუ მასში არასრულწლოვანი მონაწილეობს – 9-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.