თბილისი, 16 მარტი — Sputnik. დღეს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2023" საქართველოს წარმომადგენლის ირუ ხეჩანოვას სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართება, იუწყება „პირველი არხი".
საკონკურსო სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა „ევროვიზიის“ ოფიციალურ YouTube-არხზე დღეს, 21:00 საათზე გაიმართება, სატელევიზიო ჩვენება კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება.
საკონკურსო სიმღერის – Echo-ს ავტორი გიგა კუხიანიძეა. ტექსტი კი თავად ირუ ხეჩანოვასა და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით. სიმღერაზე ვიდეორგოლი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ქორეოგრაფიაზე გიორგი ტორიაშვილმა, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე – მარიკა ქურდუბაძემ იმუშავეს.
22 წლის ირუ ხეჩანოვა პროექტ Voice-ის ქართული ანალოგის გამარჯვებულია.
მან „ევროვიზია 2023"-ზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი „პირველი არხის" ამ პროექტში გამარჯვებით მოიპოვა. ახალგაზრდა მუსიკოსი 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის" ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა.
2023 წლის „ევროვიზიაზე" 37 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. საქართველოს წარმომადგენელი მაყურებლის წინაშე 11 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე წარდგება.
კონკურსი „ევროვიზია 2023" ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში.
„ევროვიზიაზე" 2022 წელს გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra სიმღერით Stefania.