თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური განაკვეთის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი არის დამატებითი მოთხოვნა ბანკების კაპიტალის მიმართ, რომელიც მინიმალური მოთხოვნებს ემატება.
2018 წლიდან კონტრციკლური ბუფერი ნულის ტოლი იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური (საბაზისო) განაკვეთი 1%-ზე დაწესდა და ის დაკრედიტების დონის გათვალისწინებით შეიცვლება.
ეროვნული ბანკის განმარტებით, პოზიტიური ბუფერის დაწესება საქართველოს ფინანსური სექტორის მახასიათებლების გათვალისწინებით მოხდა.
„ქვეყნების ნაწილმა საბაზისო განაკვეთად პოზიტიური ბუფერი უკვე დააწესა, რომელიც 1%-სა და 2%-ს შორის მერყეობს. საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოს ფინანსური სექტორის მახასიათებლების გათვალისწინებით, კომიტეტმა ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის 1%-ზე დაწესება გადაწყვიტა. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბანკებს 12 თვიანი ვადა განესაზღვრათ“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის პირობების შესასრულებლად 12 თვე ეძლევათ.
„თიბისი ბანკისთვის“ და „საქართველოს ბანკისთვის“ სისტემური კაპიტალის ბუფერი თითოეულისთვის 2,5%-ს შეადგენს, ხოლო „ლიბერთი ბანკისთვის“ – 1%-ს.
წყარო - ეროვნული ბანკი