თბილისი, 16 მარტი – Sputnik. მოლდოვის ეროვნული ავიაკომპანია Air Moldova 2023 წლის 26 მარტიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კიშინიოვი-ბათუმი-კიშინიოვის პირდაპირ რეისებს განახორციელებს, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს: სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.
გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენების სიხშირეს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც ზრდის.
ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის წარდგენილი ფრენების განრიგის შესაბამისად, კიშინიოვი-თბილისი-კიშინიოვის მარშრუტზე რეგულარული რეისები 26 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღიურად განხორციელდება.
ამჟამად ავიაკომპანია ამ მარშრუტით ფრენებს კვირაში ოთხჯერ ასრულებს.
Air Moldova საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2022 წელს შემოვიდა.