თბილისი, 16 მარტი – Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია–2023“ საქართველოს წარმომადგენლის ირუ ხეჩანოვას სიმღერა და კლიპი „ევროვიზიის“ YouTube-ის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა.
სიმღერა Echo-ს კლიპში, რომელსაც მომღერალი ინგლისურ ენაზე ასრულებს, ირუ რამდენიმე „ლუქით“ გამოჩნდა.
YouTube-ზე კლიპის პრეზენტაციის დროს მას 2 ათასზე მეტმა მომხმარებელმა უყურა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიდეო 21:00 საათზე გამოქვეყნდებოდა.
ირუ ხეჩანოვა წარდგება კონკურსის მეორე ნახევარფინალში, რომელიც 11 მაისს გაიმართება ლივერპულში.
2022 წელს „ევროვიზიაზე" გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra სიმღერით Stefania.
ირუ ხეჩანოვა 22 წლისაა. გოგონამ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური კომპოზიციის განყოფილება დაამთავრა. ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის PR-ის კათედრაზე სწავლობს.
სასცენო კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსი 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის" ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა.