თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ბოლო ერთ წელიწადში გამოცხადდა 115.756 ვაკანსია, რომელთა 12% ვერ შეივსო, ნათქვამია შრომის ბაზრის კვლევაში, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩაატარა.
თბილისში გაიმართა „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის“ კვლევის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ „საქსტატთან“ თანამშრომლობით მომზადდა.
უწყების ინფორმაციით, კვლევამ ნათლად წარმოაჩინა მოთხოვნა–მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი და საჭირო უნარების მქონე კადრების თვალსაზრისით არსებული გამოწვევა.
„საერთაშორისო შრომის ბაზარზე ვითარება იცვლება, რაც ასევე აისახება საქართველოზეც. ბევრი პროფესია, რომელიც ჯერ კიდევ 5 წლის წინ იყო აქტუალური, დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩნდება ბევრი ახალი პოზიცია, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება კვალიფიციური მუშახელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, ეს დინამიკური პროცესია და ეკონომიკის სტაბილური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადამზადების სექტორის მოქნილობა.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს პროფესიული გადამზადების პროგრამებს, რომლებიც შედგენილია ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა კვლევის შედეგების მნიშვნელობას არსებული გამოწვევების ფონზე და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყების თანამშრომლობას.
„მინისტრის მოადგილე შეეხო IT–კომპანიების მოზიდვის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებს, რამაც უკვე გამოიღო შედეგი – საგრძნობლად გაიზარდა აღნიშნულ სექტორში დასაქმების მაჩვენებელი, ასევე ამაღლდა ადგილობრივი კადრების შესაძლებლობები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეხვედრას, საჯარო უწყებათა წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნეს-ასოციაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კვლევა განხორციელდა რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით და გამოიკითხა 9500 საწარმო, რომლებიც შეირჩა საქართველოში მოქმედი არაფინანსური და ფინანსური კორპორაციების მონაცემთა ბაზიდან.