სომხეთის პატრიარქმა და საქართველოს ელჩმა რეგიონში ვითარება განიხილეს

გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად 2023 წლის იანვარში დაინიშნა.
Sputnik
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. სომხეთის უმაღლესმა პატრიარქმა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე მიიღო, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ ეჩმიაძინის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის საფუძველი, მათ შორის, ქრისტიანული ფასეულობებია, რომელთა წყალობით გახდა შესაძლებელი იდენტობის შენარჩუნება, აღნიშნა პატრიარქმა. მისი უწმინდესობა დარწმუნებულია, რომ სულიერად და რწმენით ძლიერი მოძმე ხალხები არსებულ გამოწვევებს გადალახავენ.
საქართველოს ელჩმა სომხეთში კათოლიკოსს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მისალმება გადასცა და აღნიშნა, რომ ძალას არ დაიშურებს ქართულ-სომხური კავშირების მეტი განმტკიცებისთვის.
გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა მშვიდობის დამყარებისა და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობა.
გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად 2023 წლის იანვრის ბოლოს დაინიშნა. მანამდე ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო.
შარვაშიძემდე სომხეთში საქართველოს ელჩი იყო გიორგი საგანელიძე (2016-2021). ამის შემდეგ სომხეთში საქართველოს რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე იყო.