თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის განკარგულებით აღნიშნულ ტერიტორიაზე საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.
კერძოდ, კარანტინის პერიოდი განისაზღვრება შემთხვევის დადასტურებიდან და მოქმედებს ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ.
კარანტინის პერიოდში აკრძალულია ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანა, ასევე აღნიშნულ პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნომერზე 1501, ან მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოს (მის: ამბროლაური, ბრატისლავა-რაჩის ქუჩა #17).
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება.
ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.