საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართეს

არასაპარლამენტო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და შემდეგ დაწვეს.
Sputnik
თბილისი, 14 მარტი - Sputnik. ევროკავშირის დროშა დაუბრუნდა თავის ადგილს - ის კვლავ პარლამენტის შენობის წინ არის აღმართული.
ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.
რუსთაველის გამზირზე დღეს „კონსერვატიული მოძრაობისა“ და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ–პლატფორმა „ალტ–ინფოს“ მომხრეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და შემდეგ დაწვეს.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. აღნიშნული სამართალდარღვევა 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.