თბილისი, 14 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანმა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის მიზნით საქართველოში დამატებითი ინვესტიციები უნდა განახორციელოს, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბერლინში წამყვანი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.
აზერბაიჯანიდან „მწვანე" ენერგიის ექსპორტის პროექტის კომიტეტის თებერვლის შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ იგი იქნება ინტეგრირებული პროექტი კასპიის ზღვის ოფშორული ქარის ელექტროსადგურებიდან ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისთვის, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".
„ამისთვის აუცილებელია საქართველოში გადამცემი ხაზის გაფართოება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აბსოლუტურად უსარგებლო იქნება", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროპაში, მათ შორის გერმანიაში, „მწვანე" ენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა.
„ყველა ეს ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ აზერბაიჯანიდან „მწვანე" ენერგია მალე ისეთივე მნიშვნელოვანი გახდება, როგორც ბუნებრივი აირი", - თქვა ალიევმა.
2022 წლის დეკემბერში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას. საუბარია შავი ზღვის ფსკერზე 1000 მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანაზე, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვებს შეუწყობს ხელს.
დოკუმენტი ოთხი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. პროექტის მიზანია - ეროვნული და რეგიონული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია.