მსოფლიო დღეს

აშშ-ში კიდევ ერთი მსხვილი ბანკი დაიხურა

Sputnik
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. შეერთებული შტატების მარეგულირებელმა ორგანოებმა კვირას კრიპტოინდუსტრიის მსხვილი კრედიტორი Signature Bank დახურეს საბანკო კრიზისის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად, იუწყება CNBC აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, ფედერალური სარეზერვო სისტემისა და დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით.
მანამდე, პარასკევს მარეგულირებელმა ორგანოებმა Silicon Valley Bank დახურეს და მისი დეპოზიტები დააყადაღეს.
SVB-ის გაკოტრება ბანკის უდიდესი კრახია აშშ-ში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. მის გაკოტრებას ფედერალური სარეზერვო სისტემის ძირითადი განაკვეთის ზრდას უკავშირებენ, რასაც ბევრი საფინანსო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული აქტივების გაუფასურება მოჰყვა.
მათ შორის აღმოჩნდა Signature Bank-იც, რომლის საბაზრო ღირებულება პარასკევისთვის 4,4 მილიარდს შეადგენდა.
FDIC-ს ანგარიშის თანახმად, გასული წლის 31 დეკემბრისათვის Signature Bank-ის აქტივების საერთო რაოდენობა 110,4 მილიარდ დოლარს, ხოლო დეპოზიტების საერთო რაოდენობა 88,6 მლრდ დოლარს შეადგენდა.
წყარო: CNBC