თბილისი, 12 მარტი - Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტში 86 წლის დედის მკვლელობისთვის ბრალდებულმა მამაკაცმა დანაშაული აღიარა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მამაკაცმა საკუთარი დედა, სავარაუდოდ, შეშით მოკლა - ცხედარს შეშით მიყენებული დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის თავის არეში აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მამაკაცმა, კვალის დაფარვის მიზნით, დედის გარდაცვალება დაცემით ახსნა და 2 დღის განმავლობაში სამძიმარს იღებდა. სამართალდამცველებს მეზობელმა მიმართა, რომელმაც დედა-შვილის ჩხუბის ხმა გაიგონა. პოლიციამ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენა, შვილი კი დაკითხვაზე გადაიყვანა. მან დანაშაული აღიარა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის მომენტში 55 წლის მამუკა რურუა იყო ნასვამ მდგომარეობაში და მას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
„ავადმყოფი ძმა მყავდა... ამ ზაფხულს თავზე ოპერაცია გაუკეთდა და ჰქონდა პრობლემა. მაგისთვის დასალევზე გაკარება არ შეიძლებოდა“, - განაცხადა ბრალდებულის ძმამ.
სხვა ვერსიით, კაცმა დედა იმის გამო მოკლა, რომ მას თავისი პენსია არ მისცა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.