ქადაგიშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა

რადიკალურ ოპოზიციას არაფერი აქვს საერთო საქართველოში მშვიდობასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან, განაცხადა დეპუტატმა
Sputnik
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და მეორე ფრონტის გახსნა სურს, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.
ვანო მერაბიშვილმა ისაუბრა ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლაზე 10 მარტს „უკრინფორმის“ ეთერში პროგრამაში Save Misha, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიეძღვნა. მან ასევე განაცხადა, რომ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.
„რადიკალურ ოპოზიციას არაფერი აქვს საერთო საქართველოს მშვიდობასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან. მათი მიზანია, ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მეორე ფრონტის გახსნა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას აპირებს და ასეთი განცხადებებით სურთ მხარდაჭერის გარედან მოპოვება.
„ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ თუ ხელისუფლებაში მოვალთ, რუსეთს შევებრძოლებით. მათ უნდათ, რომ მოკავშირე და მხარდამჭერი ნახონ გარედან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პოლიტიკოსის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანი არ არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და საქართველოს, როგორც განვითარებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სვლა.
საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება: „ქართულ ოცნებაში“ დეტალებზე საუბრობენ >>
მანამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახლა ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა" რომ იყოს, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა და ისინი ქვეყანას პოლიგონად გადააქცევდნენ.
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულ გაგზავნაზე უარი იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით დაიწყეს საქართველოს დადანაშაულება სანქციების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით რუსეთის დახმარებაში.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის მხრიდან ისმოდა მოწოდებები დაკარგული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებისთვის მოქმედებისკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ არ გადაუხვევენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზას, შეაფასეს, როგორც რუსეთის პოზიციების გამართლება.
საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.