თბილისი, 12 მარტი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 11 მარტს, გვიან ღამით ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკაცს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა