თბილისი, 10 მარტი – Sputnik. ყველამ გაიგო, რომ უცხოური გავლენის აგენტი უნდა იყოს მხილებული, რათა ყველამ დაინახოს, ვინ დგას საქართველოში განვითარებული რადიკალური მოვლენების უკან, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალა“ გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია-საშუალებების რეესტრი საქართველოში, და წარადგინა „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტების ორი ვერსია. კანონპროექტების წინააღმდეგ აგორებულმა საპროტესტო ტალღამ გამოიწვია ის, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ინიციატივას, გაიწვიეს კანონპროექტები და პირობა დადეს, რომ აღარასოდეს დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს.
„ყველამ გაიგო, რომ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი უნდა იყოს ქვეყანაში მხილებული მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხმა დაინახოს, ვინ აფინანსებს იმ ძალებს, რომლებიც ახლა პარლამენტის შტურმში მონაწილეობდნენ და რეალურად იმ დამფინანსებლის სახეს დაინახავდნენ, ასეთ რადიკალურ პროცესებს ვინც აფინანსებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
როდესაც საზოგადოება წინააღმდეგია
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტი საჭიროა არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობისთვის, უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული საზოგადოების ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
თუმცაღა „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსიის მიღება მხოლოდ ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ და მხოლოდ ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებოდა შესაძლებელი, საზოგადოებამ დაპირებებს არ დაუჯერა.
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილმა აღიარა, რომ ვერ დაარწმუნა საზოგადოება ინიციატივის სარგებლიანობაში, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია, თითქოს ეს კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
პარლამენტში კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი დაიწყო, რაც ხშირ შემთხვევაში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მიტინგებში, რომლებიც 7-დან 10 მარტის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა, ძირითადად სტუდენტები მონაწილეობდნენ. დღეისათვის მომიტინგეთა ყველა მოთხოვნა შესრულებულია - აქციების დროს ყველა დაკავებული პირი თავისუფალია, კანონპროექტები კი გაწვეულია.
მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. ამასობაში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.